Order No. 2-22 of 2018 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on 2018 State Program for Phytosanitary Control by National Food Agency of Georgia
Made 2018-01-15 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის ბრძანება N 2-22 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Environment, Cultivated plants
- Keywords
- hazardous substances, pesticides, plant protection, policy/planning, fertilizers/nutrients, packaging/labelling, research, plant production
- Categories
- agriculture
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
N 2-22 15/01/2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამა (დანართი №1); ბ) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამა (დანართი №2); გ) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამა (დანართი №3). 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიური ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის N2-14 ბრძანება. 4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ლევან დავითაშვილი მინისტრი დანართი 3 ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამა მუხლი I. შესავალი 1. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა“ და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და წარმოადგენს ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის სამოქმედო გეგმას. 2. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მცენარეთა საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების კონტროლს, ლაბორატორიულ გამოკვლევებს, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანასთან, მარკირებასთან, შენახვასთან, წარმოებასთან (დაფასოებასთან), რეალიზაციასთან, გამოყენებასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის კონტროლს, პესტიციდების ხარისხის კონტროლს, შესაფუთი ხის მასალის მარკირების უფლების მქონე პირების კონტროლს. 3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს: ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლასა და შეფასებას, ქვეყანაში „სანიმუშო სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის“ დანერგვას, მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. მუხლი II. პროგრამის საფუძვლები 1. პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; FAO-ს „პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსი“; „როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“; „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილება; „ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება; „საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შეღწევისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის საერთო ბრძანება 2-7-33; ტექნიკური რეგლამენტი „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №447 დადგენილება; ტექნიკური რეგლამენტის „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილება; ტექნიკური რეგლამენტის „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილება; ტექნიკური რეგლამენტის- „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილება; „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის № 2 139 ბრძანება; „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 29 ოქტომბრის № 2-235 ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესი“; ტექნიკური რეგლამენტი „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილება; ტექნიკური რეგლამენტი სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილება; “კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №302 დადგენილება“, ტექნიკური რეგლამენტი „კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილება; ტექნიკური რეგლამენტი „კარტოფილის მურა სიდამპლის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის №602 დადგენილება და სხვა ნორმატიული აქტები. 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება ქიმიური და ბიოლოგიური მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიური საშუალებების მწარმოებელ (დამფასოებელ), შემნახველ საწარმოში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ქსელში. 3. სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო თანხები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. მუხლი III. პროგრამის მიზნები პროგრამის მიზანია: ა) საქართველოში წარმოებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით, წარმოებისა და დასაწყობების ადგილებში ქვეყანაში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების პრევენციისათვის მათი არსებობის და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის დადგენა; ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელების მონიტორინგი და პროგნოზირება; გ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირება მათი მიმოქცევისა და გამოყენებისას. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების (დაფასოების), შემნახველი და სარეალიზაციო ობიექტების, ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის, მარკირების სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელება მაღალი, ხარისხიანი და უვნებელი მოსავლის მიღების და მოქმედი წესების დარღვევების აღმოფხვრის მიზნით; დ) FAO-ს მონაცემებით მავნე ორგანიზმებით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები ყოველწლიურად შეადგენს 25-40 %-ს. მათ წინააღმდეგ მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მწვანე საფარის შენარჩუნებისა და მოსავლიანობის გაზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს. ”მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით”, FAO-ს „პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსით“ და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით გათვალისწინებულია მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარება მაღალ მეცნიერულ დონეზე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის მისაღწევად, რაც განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდას; მუხლი IV. პროგრამის განხორციელების უფლებამოსილება 1. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე, 71-ე მუხლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 981-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს. მუხლი V. განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების ზედამხედველობა და მონიტორინგი 1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-10 დანართით განსაზღვრულია საქართველოსათვის საკარანტინო მავნე ორგანიზმების (საქართველოში არარეგისტრირებული და საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული) ნუსხა, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს ფიტოსანიტარიული კონტროლი მცენარეებითა და მცენარეული პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისას, ასევე ქვეყნის შიგნით, იმპორტიორი ქვეყნებისათვის საკარანტინო მნიშვნელობის მქონე მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების, ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის, დადგენისათვის, რაც ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა მცენარეებითა და მცენარეული პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის განხორციელების პროცესში. 2. საექსპორტო პოტენციალის მქონე მცენარეული პროდუქციის ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, იმპორტიორი მხარის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად, მოყვანისა და დასაწყობების ადგილებში პროდუქციის სახეებისა და მათთვის დამახასიათებელი სპეციფიური საკარანტინო და სხვა რეგულირებადი მავნე ორგანიზმების გამოსავლენად, ასევე ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასებისათვის განხორციელებული კონტროლისას აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევები. 3. წლის განმავლობაში განხორციელდება: ა) გამოსაკვლევ ზონაში მავნე ორგანიზმების არსებობის დადგენის მიზნით მონაცემების შეგროვება, გამოკითხვა, საჭიროებისას ნიმუშის აღება; ბ) მცენარეებისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტის მოყვანისა და დასაწყობების ადგილებში საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გამოვლენისათვის, დიაგნოსტიკისათვის, აგრეთვე მათი გავრცელების არეალში პოპულაციის განვითარების შესწავლისა და პროგნოზირებისათვის ფიტოსანიტარიული მონიტორინგი და ზედამხედველობა. 4. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფიტოსანიტარიის სფეროში ლაბორატორიული გამოკვლევების შესაძლებლობა დღეისათვის შეზღუდულია, განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ.თბილისის ტერიტორიებზე განთავსდება 400 ცალი ფერომონიანი სქესმჭერი (მწერების ხაფანგები, ენტომოლოგიური გამოკვლევებისათვის); მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისათვის (ენტომოლოგიური, მიკოლოგიური, ვირუსოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ჰერბოლოგიური) ანალიზი (ლაბორატორიული გამოკვლევა) ჩაუტარდება სავარაუდოდ 732 ნიმუშს. (დანართი 3.1) ფიტოსანიტარიული კონტროლის ღონისძიებებისას მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის სწრაფი ზრდის, ახალი მავნე ორგანიზმის გამოჩენისას შესაძლებელია სხვა მავნე ორგანიზმების კვლევა მათი იდენტიფიცირების მიზნით ან 3.1 დანართით გათვალისწინებული კვლევების რაოდენობის გაზრდა. მუხლი VI. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლი 1. წლის განმავლობაში განხორციელდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების დაფასოების, მარკირების, შენახვის, რეალიზაციის და გამოყენების კონტროლი და ზედამხედველობა. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგი. 2. მონიტორინგის გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება: ა) წინა წლების უხარისხო, ვადაგასული, არარეგისტრირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით გამოწვეული მოსავლის დანაკარგების შემთხვევები; ბ) სააგენტოსათვის მომხმარებლის მიმართვის შემთხვევები; გ) წინა წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები; დ) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი. 3. საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტები განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო პრაქტიკით ყოველწლიურად მიმდინარეობს ბიზნესოპერატორების შერჩევითი კონტროლი, რომელიც ეფუძნება წინა წელს განხორციელებული კონტროლის შედეგებს. მიმდინარე წელს არსებული 200 ობიექტიდან შემოწმდება 150 ობიექტი წინა წლების მონაცემებზე დაყრდნობითა და შერჩევითობის პრინციპით. გათვალისწინებულია ერთ კომპონენტიანი და ორ კომპონენტიანი პესტიციდების (300 ნიმუში-400 ანალიზი) ერთ კომპონენტიანი, ორ კომპონენტიანი და სამ კომპონენტიანი აგროქიმიკატების (48 ნიმუში-94 ანალიზი) ნიმუშის აღება. ვინაიდან ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი აკრედიტირებული ლაბორატორია რომელსაც გააჩნია შეზღუდული შესასძლებლობები, მოწმდება პესტიციდების 55 მოქმედი ნივთიერება და აგროქიმიკატების ძირითადი კვებითი მაკრო ელემენტები. შესაბამისად, არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე განთავსების ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, მონიტორინგისას 2018 წელს სულ შესყიდული და გამოკვლეული იქნება სხვადასხვა დასახელების პესტიციდების სავარაუდოდ 300 ნიმუში (400 ანალიზი), აგროქიმიკატების სავარაუდოდ – 48 ნიმუში (94 ანალიზი). მათ შორის: 1. პესტიციდები - 300 ნიმუში (400 ანალიზი); ა) ერთკომპონენტიანი - 200 ნიმუში (200 ანალიზი); ბ) ორკომპონენტიანი - 100 ნიმუში (200 ანალიზი), 2. აგროქიმიკატები - 48 ნიმუში (94 ანალიზი); ა) ერთკომპონენტიანი (აზოტი - N) – 20 ნიმუში (20 ანალიზი); ბ) ორკომპონენტიანი (აზოტი - N + ფოსფორი - P) – 10 ნიმუში (20 ანალიზი); გ) სამკომპონენტიანი (აზოტი - N + ფოსფორი - P + კალიუმი - K) – 18 ცალი (54 ანალიზი). 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები აღებული იქნება კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, მცხეთა - მთიანეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში და ქ.თბილისში. მუხლი VII. შესაფუთი ხის მასალის (შხმ) დამუშავებაზე, დამზადებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე სახელმწიფო კონტროლი 2018 წელს შხმ დამზადებაზე, დამუშავებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე სახელმწიფო კონტროლი ჩატარდება ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების გზით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ შესაბამისად. მუხლი VIII. მოსალოდნელი შედეგები 1. გამოკვლეული იქნება საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შესაბამისი ფიტოსანიტარიული ზომების მისაღებად და მცენარეული პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად. 2. შემოწმებული იქნება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მწარმოებელი (დამფასოებელი), შემნახველი, სარეალიზაციო ობიექტები და მათი საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. 3. შემცირებული იქნება ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, აკრძალული, ვადაგასული და უვარგისი პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობის და მათი გამოყენების ფაქტები. დანართი 3.1 ნიმუშების ლაბორატორილი გამოკვლევები: № მცენარეთა მავნე ორგანიზმი ნიმუშის რაოდენობა ცალი (სულ 732) 1. მავნებლები (ენტომოლოგიური კვლევა) - 400 ნიმუში; 1 Bactrocera dorsalis - აღმოსავლური ხილის ბუზი 200 2 Ceratitis capitata - ხმელთაშუაზღვის ნაყოფის ბუზი 200 2. ბაქტერიები (ბაქტერიოლოგიური კვლევები)- 110 ნიმუში; 3 Erwinia amylovora - ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე 40 4 Clavibacter michiganensis subsp sependonicus - კარტოფილის რგოლური სიდამპლე 20 5 Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე 20 6 Pseudomona syringae pv actinidiae - კივის ბაქტერიული კიბო 30 3. ვირუსები(ვირუსოლოგიური კვლევები) - 70 ნიმუში; 7 Peach rosette mosaic virus - ატმის მოზაიკის ვირუსი 10 8 Plum pox poty virus - ქლიავის ჩოფურა (შარკა) 20 9 Citrus mosaic virus - ციტრუსოვანთა მოზაიკური ვირუსი 20 10 Citrus tristeza closterovirus - ციტრუსოვანთა ტრისტეზა კლოსტეროვირუსი 20 4. სოკოები(მიკოლოგიური კვლევები) - 62 ნიმუში; 11 Guignardia citricarpa - ციტრუსოვანთა შავი სიდამპლე 22 12 Synchytrium endobioticum - კარტოფილის კიბო 40 5. ნემატოდები (ჰელმინთოლოგიური კვლევები) - 60 ნიმუში; 13 Globodera palida - კარტოფილის მკრთალი ნემატოდა 30 14 Globodera rostochiensis - კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდა 30 6. სარეველები(ჰერბოლოგიური კვლევები) - 30 ნიმუში; 15 Ambrosia phsilostachya - ამბროზია მრავალწლიანი 10 16 Emex spinosa - ემექსი ეკლიანი 10 17 Euphorbia dentata - რძიანა დაკბილული 10 7. მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის სწრაფი ზრდის, ახალი მავნე ორგანიზმის გამოჩენასთან დაკავშირებული კვლევები 18 ენტომოლოგიური, მიკოლოგიური, ვირუსოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ჰერბოლოგიური კვლევები საჭიროების შემთხვევაში