National Agency of Public Registry Strategic Plan 2019-2020
Made 2019 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობის სტრატეგია (2019-2020)
- Language
- Georgian
- Kind
- policy
- Country
- Georgia
- Subjects
- Land and soil
- Keywords
- cadastre/land registration, data collection/reporting, land tenure, land-use planning, private land, public land, registration, survey/mapping, zoning
Where to read it
No source link is recorded for this law.
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობის სტრატეგია (2019-2020) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“) , რომელიც მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, 2004 წელს შეიქმნა. 2004 წელს სააგენტოს გადმოეცა ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი. 2005 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაციის ფუნქცია. 2007 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია. 2009 წელს სააგენტოს მიენიჭა მოძრავ და არამატერიალურ ქონებაზე უფლებების (გირავნობა, ლიზინგი) რეგისტრაციის ფუნქცია. 2010 წელს სააგენტოს მიენიჭა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის უფლებამოსილება. 2011 წელს სააგენტოს მიენიჭა გეოდეზიის, კარტოგრაფიის და სამისამართო რეესტრის წარმოების ფუნქციები. 2012 წელს სააგენტოს მიენიჭა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის უფლებამოსილება. 2013 წელს სააგენტოს დაევალა ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციისა და მის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა. 2014 წელს სააგენტოს გადმოეცა მუნიციპალიტეტების რეგისტრაციის ფუნქცია. 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისათვის ან სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების უფლებამოსილება. 2016 წელს სააგენტომ დაიწყო მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის განხორციელება. 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის უფლებამოსილება. შესავალი სააგენტოს 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმა ეფუძნება საქართველოს სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს. ამჟამად, სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება (ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის), რომელთანაც სტრატეგიული გეგმა მაქსიმალურად ჰარმონიზებულია. სააგენტოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის წარმატებით დასრულება - 2016 წელს სააგენტომ დაიწყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის პროცესი, 2017 წელს კი, საპილოტო პროექტი, რომელიც საქართველოს 12 გეოგრაფიულ დასახლებაში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური წესით რეგისტრაციას გულისხმობს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება. საპილოტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებასა და რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზის სრულყოფას შეუქმნის საფუძველს. სააგენტოს სტრატეგიული გეგმა 2-წლიან პერიოდს მოიცავს (2019-2020 წლები) და ორიენტირებულია მომხმარებლებზე, პარტნიორებსა და პერსონალზე. ამ საშუალოვადიან დოკუმენტს დაეფუძნება სააგენტოს სხვა საშუალო თუ მოკლევადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტები (თემატური სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები, მონიტორინგის, შეფასების და რისკების გეგმები, საფინანსო გეგმები, შესყიდვების გეგმები, საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმები, ადამიანური რესურსების გეგმები, ტრენინგ-გეგმები და ა.შ.). სტრატეგიული გეგმის მსგავსად, სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებიც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. სახელმძღვანელო დოკუმენტების განხორციელება ექვემდებარება პერიოდულ მონიტორინგს და შეფასებას ცალკეული ინდიკატორების მიხედვით (საწყისი, შუალედური და სამიზნე შეფასებები). მსგავსი სახელმძღვანელო დოკუმენტები და სტრატეგიული მენეჯმენტი აუცილებელი წინაპირობაა სააგენტოსათვის დელეგირებული ფუნქციების ორგანიზებულად განსახორციელებლად, რესურსების ეფექტიანად განსაკარგავად და ოპტიმალური და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. ხედვა სააგენტოს 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმა ეფუძნება ხედვას: რეგისტრირებული საკუთრება - წარმატებული მომავლისთვის! მისია სააგენტოს მისიაა: ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის, სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოების სწრაფი, ხელმისაწვდომი და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფა. ღირებულებები სააგენტოს, როგორც კორპორატიული ინსტიტუციის სტრატეგიულ ჩარჩოებში მოქცეულია შემდეგი ფუნდამენტური ღირებულებები: ღიაობა ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და საზოგადოება გვენდობა ჩვენ განვითარება და ინოვაცია მიღწევები ინოვაციის გზით და არსებულის გაუმჯობესება ერთგულება ერთმანეთის, ორგანიზაციისა და საზოგადოებისადმი ერთგულება სტრატეგიული მიზნები სტრატეგიული მიზნები სააგენტოს ხედვისა და მისიის განხორციელებისათვის განისაზღვრება, ამ მიზნების მისაღწევად კი, ცალკეული ამოცანები ისახება, რომლებიც აკონკრეტებენ სტრატეგიულ მიზნებს და ასრულებენ ერთგვარი საგზაო რუკის ფუნქციას სტრატეგიული ორიენტირისაკენ. სააგენტო საშუალოვადიან პერიოდში (2019-2020 წლები) ისახავს 3 სტრატეგიულ მიზანს, რომლებიც თავის მხრივ 22 სტრატეგიულ ამოცანას მოიცავს. სტრატეგიული მიზანი 1 ეფექტური საჯარო მმართველობა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება სტრატეგიული მიზანი 2 პროდუქტების განვითარება და ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა სტრატეგიული მიზანი 3 გეოინფორმაციული სფეროს განვითარება სტრატეგიული ამოცანები თითოეულ სტრატეგიულ მიზანს ახასიათებს შესაბამისი სტრატეგიული ამოცანები: სტრატეგიული მიზანი 1 ეფექტური საჯარო მმართველობა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება სტრატეგიული ამოცანები: 1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა დამუშავება, არქივების დიგიტალიზება; 1.2. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სარეგისტრაციო პრაქტიკის უნიფიცირება, მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება; 1.3.მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციის პროცესისა და საკადასტრო მონაცემების შესწორების პოლიტიკის განხორციელება; 1.4. მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ჰარმონიზება ევროპულ სამართალთან და დავების გადაწყვეტის ეფექტური სისტემის განვითარება; 1.5. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი; 1.6. ფუნქციების დელეგირება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი; 1.7. იმიჯის გაუმჯობესება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; 1.8. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება, თანამშრომელთა შეფასების მოდელის შემუშავება და დანერგვა; 1.9. „ფრონტ“ ოფისის ფუნქციის სსიპ - იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვის დელეგირება; 1.10. საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელება; 1.11. ინფრასტრუქტურის განვითარება (სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის, ლილოსსაცავის ახალი შენობების აშენება, სამსახურების ოფისების რემონტის განხორციელება); 1.12. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა. სტრატეგიული ამოცანა 1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა დამუშავება, არქივების დიგიტალიზება; ამოცანა მოიცავს: მონაცემთა დამუშავების, არქივების დიგიტალიზების სამოქმედო გეგმის (2017-2020) შედგენასა და განხორციელებას; ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნას, განახლებას; მონაცემთა ჩაწერის/დამუშავების, ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონული რეესტრის წარმოების, დიგიტალიზების, შენახვის, წესების შემუშავებასა და განხორციელებას; ელექტრონული არქივის შევსებას სკანირებული სარეგისტრაციო დოკუმენტებით; დოკუმენტებსა და მონაცემებზე გაუმჯობესებული წვდომის უზრუნველყოფას. სტრატეგიული ამოცანა 1.2. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სარეგისტრაციო პრაქტიკის უნიფიცირება, მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება. ამოცანა მოიცავს: „ბექ“ ოფისის (სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები) სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; სარეგისტრაციო პრაქტიკის უნიფიცირების, მონიტორინგის, ანალიზის და შეფასების კონცეფციის შემუშავებას და განხორციელებას; სარეგისტრაციო პრაქტიკის სახელმძღვანელო(ებ)ის შემუშავებას; თემატური სტრატეგიების და გეგმების (მონიტორინგის, შეფასების, რისკების, შესყიდვების, საფინანსო, შიდა აუდიტის და სხვა), სტანდარტების, მეტამონაცემების, მეთოდოლოგიების, სახელმძღვანელოების შემუშავებას; ცვლილებების მენეჯმენტის, პრობლემების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, რისკების მენეჯმენტის ფუნქციების გაუმჯობესებას; ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას; ონლაინ კონფერენციებისა და ტრენინგების დანერგვას; მობილური აპლიკაციების განვითარებას. სტრატეგიული ამოცანა 1.3. მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციის პროცესისა და საკადასტრო მონაცემების შესწორების პოლიტიკის განხორციელება; ამოცანა მოიცავს: უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების შესწორების განხორციელებას. სტრატეგიული ამოცანა 1.4. მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ჰარმონიზება ევროპულ სამართალთან და დავების გადაწყვეტის ეფექტური სისტემის განვითარება; ამოცანა მოიცავს: ქართული და ევროპული კანონმდებლობის ანალიზს; ევროპულ სამართალთან ჰარმონიზებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამართლებრივი პრაქტიკის (ადმინისტრაციული საჩივრები, სასამართლო დავები) ელექტრონული მოდულის განვითარებას, ადმინისტრაციული დავების ვებ-პორტალის განვითარებას; დავების მინიმალიზაციას; მათი გადაწყვეტის ეფექტური სისტემის შექმნას. სტრატეგიული ამოცანა 1.5. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი; ამოცანა მოიცავს: მონაცემთა დამუშავებისა და ხარისხის მართვის სამსახურის (როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის) შექმნას, მისი საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, მონაცემთა ხარისხის პერიოდულ ანალიზს, შეფასებასა და შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემის შექმნას. სტრატეგიული ამოცანა 1.6. ფუნქციების დელეგირება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ამოცანა მოიცავს: ფუნქციების დელეგირების კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; პერსონალის ტრენინგს, მონიტორინგს, შეფასებას; ,,ფრონტ“ და ,,ბექ“ ოფისების სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებას. სტრატეგიული ამოცანა 1.7. იმიჯის გაუმჯობესება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ამოცანა მოიცავს: სააგენტოს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან დიალოგს; საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას. სტრატეგიული ამოცანა 1.8. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება; თანამშრომელთა შეფასების მოდელის შემუშავება და დანერგვა ამოცანა მოიცავს: ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; პერსონალის ინდივიდუალური რეპორტინგის სისტემის ამოქმედებას; პერსონალის შეფასების კონცეფციის და შეფასების მოდელის პროექტირებას და დანერგვას; ტრენინგ საჭიროებების განსაზღვრასა და თემატური ტრენინგების ნუსხის შემუშავებას; ტრენინგების გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას. სტრატეგიული ამოცანა 1.9. „ფრონტ“ ოფისების ფუნქციების სსიპ - იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვის დელეგირება ამოცანა მოიცავს: ,,ფრონტ“ ოფისის ფუნქციების (სააგენტოში წარსადგენი განცხადების მიღება, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების გაცემა, მოქალაქეთა კონსულტაცია, გარიგების მხარეთა ხელმოწერების დამოწმება და სხვა.) სსიპ - იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვის დელეგირებას. სტრატეგიული ამოცანა 1.10. საპილოტო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის განხორციელება ამოცანა მოიცავს: საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური წესით რეგისტრაციას საქართველოს 12 დასახლებაში; საპილოტო არეალებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შე საბამისობის უზრუნველყოფას. საპილოტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებასა და რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზის სრულყოფას შეუქმნის საფუძველს. სტრატეგიული ამოცანა 1.11. ინფრასტრუქტურის განვითარება (სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის, ლილოს საცავის ახალი შენობის აშენება, სამსახურების ოფისების რემონტის განხორციელება). ამოცანა მოიცავს: სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას, სადაც განთავსდება სააგენტოს ადმინისტრაცია და ქ. თბილისში არსებული სამსახურები; ლილოს საცავის ახალი (დამატებითი) შენობის აშენებას, სადაც განთავსდება სააგენტოს არქივი; სამსახურების ოფისების მიმდინარე რემონტის განხორციელებას. სტრატეგიული ამოცანა 1.12. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა ამოცანა მოიცავს: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიზნებს შორისაა ინფორმაციის მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას. სტრატეგიული მიზანი 2 პროდუქტების განვითარება და ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა სტრატეგიული ამოცანები: 2.1. სტატისტიკის/ანალიტიკის ფუნქციის შექმნა და განვითარება; 2.2. გაყიდვების მენეჯმენტის განვითარება; 2.3. მასობრივი შეფასების სისტემის განვითარება; 2.4. სარეგისტრაციო და საინფორმაციო პროდუქტების განვითარება; 2.5. სიტუაციური ნახაზი, როგორც ცალკე პროდუქტი; სტრატეგიული ამოცანა 2.1. სტატისტიკის/ანალიტიკის ფუნქციის შექმნა და განვითარება ამოცანა მოიცავს: სტატისტიკის და ანალიტიკის განვითარების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას; სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის ელექტრონული სისტემის პროექტირებას; მეტამონაცემების შემუშავებას; ელექტრონული სტატისტიკის სისტემის შექმნასა და განვითარებას. სტრატეგიული ამოცანა 2.2. გაყიდვების მენეჯმენტის განვითარება ამოცანა მოიცავს: გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; სხვადასხვა პროდუქტებზე ბიზნეს მოდელების და ტარიფების სტრატეგიების შემუშავებას. სტრატეგიული ამოცანა 2.3. მასობრივი შეფასების სისტემის განვითარება ამოცანა მოიცავს: უძრავი ქონების მასობრივი შეფასების მოდელისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას; მასობრივი შეფასების სისტემის სამართლებრივი, მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური საფუძვლების მოწესრიგებას; მასობრივი შეფასების სისტემის პროექტირებასა და პილოტაჟს. სტრატეგიული ამოცანა 2.4. სარეგისტრაციო და საინფორმაციო პროდუქტების განვითარება ამოცანა მოიცავს: პროდუქტების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; ახალი ვებ მომსახურებების პროექტირებასა და ამოქმედებას; ბიზნეს სუბიექტების კრების ელექტრონული პორტალის და სხვა პროდუქტების შექმნას; საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის დამდები ორგანოებიდან სააგენტოს შესაბამის პროგრამაში ელექტრონული განცხადებების წარმოდგენას. სტრატეგიული ამოცანა 2.5. სიტუაციური ნახაზი, როგორც ცალკე პროდუქტი ამოცანა მოიცავს: ბინაზე უფლების რეგისტრაციის დროს სიტუაციური ნახაზის მომზადებას, რომლითაც დაიდენტიფიცირდება ბინის ზუსტი ადგილმდებარეობა. სტრატეგიული მიზანი 3 გეოინფორმაციული სფეროს განვითარება სტრატეგიული ამოცანები: 3.1. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარება; 3.2. ამზომველის ინსტიტუტის და კადასტრის სრულყოფა; 3.3. სამისამართო სისტემის განვითარება; 3.4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება; 3.5. სანავიგაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა. სტრატეგიული ამოცანა 3.1. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარება ამოცანა მოიცავს: გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; ახალი კოორდინატთა სისტემის ამოქმედებას; გეოდეზიური და კარტოგრაფიული სტანდარტების (ტოპოგრაფიული რუკებისათვის შემოკლებების სტანდარტების, პირობითი ნიშნების ციფრული კლასიფიკატორის და სხვა) შემუშავებას; საქართველოს ეროვნული გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საფუძვლის შექმნა/განახლებას; საქართველოს ტერიტორიის აქტუალური რეგიონების ციფრული აეროფოტოგადაღება და ციფრული ორთოფოტო გეგმების დამზადებას; ციფრული საბაზისო ხაზობრივი რუკის და ტოპოგრაფიული რუკების შექმნას; მიწების საკადასტრო აზომვების განხორციელებასა და დარეგისტრირებული ფართობების მონიტორინგს; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნას (სახელმწიფო დაკვეთის შემთხვევაში, სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიისათვის საჭირო მასალებისა და დოკუმენტების მომზადება); ციფრული კარტოგრაფიული მასალის შექმნას ონლაინ მომხმარებლებისთვის; მუნიციპალიტეტების საზღვრების დემარკაციისსა და დელიმიტაციის პროცესის დაწყებას. სტრატეგიული ამოცანა 3.2. ამზომველის ინსტიტუტის და კადასტრის სრულყოფა ამოცანა მოიცავს: საკადასტრო მომსახურების ცენტრის შექმნას; ამზომველის (კადასტრის ოფიცერი) ტრენინგს, ტესტირებას, სერტიფიცირებას, მონიტორინგს და შეფასებას; სახელმწიფო და დელეგირებული ამზომველების ქსელის შექმნას; საკადასტრო აზომვებისა და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების სისწორის გადამოწმებას; შენობების შიდა აზომვითი ნახაზების დანერგვას. სტრატეგიული ამოცანა 3.3. სამისამართო სისტემის განვითარება ამოცანა მოიცავს: სამისამართო სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას; სასოფლო და საქალაქო დასახლებების დამისამართების მოდელის პროექტირებასა და იმპლემენტაციას; სამისამართო რეესტრის განვითარებას; სამისამართო რეესტრის ელექტრონული მომსახურების მიწოდებას მომხმარებლებისათვის. სტრატეგიული ამოცანა 3.4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება ამოცანა მოიცავს: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის (2016-2020) შემუშავებასა და განხორციელებას; სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემების და მათთან ასოცირებული ქსელური მომსახურების ინფრასტრუქტურის, ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, სპეციფიკაციების შემუშავებას, სისტემატიზაციას და თავსებადობას ევროკავშირის მოთხოვნებთან; ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას სივრცითი მონაცემების სფეროში; სივრცით მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზების წარმოებასა და ეროვნული გეოპორტალის ჩამოყალიბებას; ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ორგანიზების მიზნით სახელმწიფო ინსტიტუციების კოორდინაციას. სტრატეგიული ამოცანა 3.5. სანავიგაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამოცანა მოიცავს: სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და საველე საინვენტარიზაციო სამუშაოების წარმოებით საქართველოს სანავიგაციო გეოგრაფიული მონაცემების მოძიებას, შეფასებას, შეგროვებას, დამუშავებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მათ ინტეგრაციას გლობალურ სანავიგაციო პროდუქტებში. ასევე ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას.