Forestry Policy Document of Adjara
Made 2019-09-19 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი
- Language
- Georgian
- Kind
- policy
- Country
- Georgia · Adjara
- Subjects
- Forestry
- Keywords
- biodiversity, climate change, ecosystem conservation, education, forest management/forest conservation, timber extraction/logging, non-wood forest products, policy/planning, public forest, recreational forest, sustainable development
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: მუხლი 1 დამტკიცდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი“ (თან ერთვის). მუხლი 2 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჩაქვი, 19 სექტემბერი 2019 წ. N94-უ.ს.შ.ს. http://www.matsne.gov.ge 39005000031056016062 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს აჭარის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მართვის გრძელვადიან ხედვას, მათი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით. იგი სრულად შეესაბამება საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის მიზნებსა და პრინციპებს. საქართველოს ტყეებს ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 39 % უკავია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომლის ტერიტორია 282 640 ჰა-ს შეადგენს, ტყეები მთლიანი ფართობის 66,5%-ს ფარავს. სხვა რეგიონებთან შედარებით, აჭარა ტყით დაფარულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. აჭარის ტყეების 15% წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებს და შესაბამისად, მათი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. დანარჩენ 85%-ს მართავს აჭარის სატყეო სააგენტო. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ კავკასია შეყვანილია იმ 200 ეკორეგიონს შორის, რომლებიც გამორჩეულია სახეობათა სიუხვის, ენდემიზმის მაჩვენებლის, ტაქსონომიური უნიკალობის, წარმოშობის თავისებურებებისა და ჰაბიტიტების იშვიათობის მიხედვით. გარდა ამისა, კავკასია ერთ-ერთია დედამიწაზე იდენტიფიცირებული ბიომრავალფეროვნების იმ 36 ,,ცხელ წერტილთაგან”, რომლებიც ხასიათდებიან ყველაზე დიდი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით და საფრთხეში მყოფი ხმელეთის ეკოსისტემების სიუხვით. ამ მხრივ აჭარას, მცენარეული საფარის მრავალფეროვნებით, მათში ენდემიზმის მაღალი ხვედრითი წილითა და ტყის ეკოსისტემების უნიკალრობის მიხედვით, ერთ-ერთი საყურადღებო ადგილი უჭირავს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ WWF-ის ინიციატივაში ,,ევროპის ტყეების 100 ცხელი წერტილის შესახებ“ (ანუ დაუცავ ტყეთა 100 მონაკვეთის შესახებ, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დაცვას), ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი მიენიჭა აჭარის უნიკალურ კოლხურ, რელიქტურ ტყეებს. მისი ბიომრავალფეროვნება არის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ბუნებრივი მემკვიდრეობის ფასდაუდებელი სიმდიდრე. მესამეული პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ, ამ თავშესაფარმა გადაარჩინა არსებული გამყინვარების პერიოდში რეგიონის მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა. აჭარის ტყეებს, ძირითადად, წყალმარეგულირებელი და ნიადაგდაცვითი ფუნქციები გააჩნიათ. ისინი არეგულირებენ წვიმის წყლის ნაკადს ნიადაგის ზედაპირზე, ნიადაგის სიღრმეში და მდინარეებში, ამაგრებენ ნიადაგის ზედა ფენას. ამ გზით ტყეები ხელს უშლიან ნიადაგის ეროზიის წარმოქმნას და მდინარეების ჩამონადენით დაბინძურებას, რითაც ხელს უწყობენ მტკნარი წყლისა და ბიომრავალფეროვნების სიჯანსაღეს, ამცირებენ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯებს. ტყეები ასევე ამცირებენ მეწყრის, ქვათა ცვენისა და ზვავის წარმოშობის საფრთხეს, რითაც იცავენ მოსახლეობასა და მათ საცხოვრებელ ადგილებს დაზიანებისაგან. ტყეები ატმოსფეროდან შთანთქავენ 735 გგ CO2 -ს ნახშიროჟანგს, რაც აჭარაში ყველა სხვა წყაროსგან გამოყოფილ ნახშიროჟანგზე (340.35 გგ) ორჯერ მეტია. ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი რეგიონის ნახშირბადის დაბალანსებისა და კლიმატის რეგულირების საკითხში. აჭარის ტყეები ფაუნის არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის, გადაშენების საფრთხის წინშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოსაც წარმოადგენენ და ამ მხრივ ეკოლოგიური წონასწორობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. აჭარის ტყეები უზრუნველყოფენ ადგილობრივ მოსახლეობას მერქნული რესურსით. ასევე, აჭარის ტყეები მდიდარია არამერქნული პროდუქტებითაც, როგორებიცაა: სოკოები, კენკროვნები, კაკლოვნები, სამკურნალო მცენარეები და სხვა. ტყე წარმოადგენს ფუტკრისათვის როგორც ნექტრის მოპოვების ძირითად წყაროს, ასევე, სივრცეს ფუტკრის სკების განსათავსებლად, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია თაფლის წარმოებისა და ადგილობრივი პროდუქციის განვითარებისათვის. აჭარის მთიანი რელიეფის გამო, სადაც ჭარბობს მაღალი დახრილობის ფერდობები და ვიწრო ხეობები, საძოვრად გამოსადეგი ტერიტორიები მცირეა, ამიტომ, ხშირად შინაური ცხოველებისათვის გამოიყენება ისეთი ადგილები, რომლებიც საამისოდ მიზაშეუწონელია. აჭარის ტყეების მნიშვნელობა განსაკუთრებულია ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისითაც, მათი თვალშისაცემი ესთეტიკური სილამაზე უფრო მეტად ზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. მრავალფეროვანი ლანდშაფტით მდიდარ მთიან აჭარას, ტურისტების ყოველწლირად მზარდი რაოდენობა სტუმრობს. ისინი ეზიარებიან ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობის წესებს, კულტურასა და ტრადიციებს. ეკოტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენას. აჭარის ტყეების, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ტყეების, წინაშე იკვეთება შემდეგი ძირითადი საფრთხეები: 1. ტყეების დეგრადაცია და ფრაგმენტაცია, რაც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფებით, ასევე ანთროპოგენური ზემოქმედებით, კერძოდ: მოსახლეობის მიერ ხე-ტყის მოპოვების სათანადო წესების დარღვევით, ბოლო დროს არაერთხელ გაჩენილი ხანძრებითა და შინაური პირუტყვის უკონტროლოდ ძოვებით, რის შედეგადაც ტყეების ნაწილმა უკვე დაკარგა თვითაღდგენის უნარი. საფრთხეს წარმოადგენს ასევე ტყის ფრაგმენტაცია, რის შედეგადაც ნაწევრდება შედარებით პატარა ფართობებად. ტყის ფრაგმენტაციის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზებია: არამდგრადი სატყეო-სამეურნეო საქმიანობები, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები. ფრაგმენტაცია იწვევს ტყის კორომებს შორის კავშირის დაკარგვას, გენეტიკურ იზოლაციასა და ტყის ადაპტაციური შესაძლებლობების შემცირებას, რის გამოც ჰაბიტატები მნიშვნელოვან დეგრადაციას განიცდის. 2. მავნებლები, როგორებიცაა: Dendroctonus micans, Cydalima perspectalis, Hyphantria cunea და Ips typographus, და დაავადებები: Chriphonectria parasitica, Phellinius pinivar, Cylindrocladium buxicola მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ტყის კორომებს. 3. კლიმატის ცვლილება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ტყეებში ცალკეული სახეობების არსებობას, ასევე მთელი ეკოსისტემის სიჯანსაღეს. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების თანახმად, აჭარაში საშუალო წლიური ტემპერატურა დროთა განმავლობაში გაიზრდება 3.5 0C -ით, რაც გამოიწვევს არსებული და სხვა მავნებელ-დაავადებების გააქტიურებას და ტყეებში ხანძრების სიხშირის მომატებას. აჭარაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, წლიური ნალექის შემცირება, დღიური ნალექის მაქსიმალური მაჩვენებლის ზრდა, ხშირი და მკაცრი გვალვები. აღნიშნული რისკის ფონზე, მცენარეთა სახეობები ვერ მოასწრებენ შეცვლილ კლიმატთან სწრაფად ადაპტირებას და ვერტიკალურ მიგრაციას, რის გამოც ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. კლიმატის ცვლილების შედეგად, ასევე, გაიზრდება ქარიშხლის, უხვი ნალექის, მეწყრისა და ღვარცოფების ინტენსივობა, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც თავად მოსახლეობისათვის, ასევე არსებული ინფრასტრუქტურისათვის. 1. სატყეო პოლიტიკის მიზანი აჭარის ტყეების ღირებულებებისა და მათ წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის მიზანია: ტყის მდგრადი მართვისა და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებულმა სატყეო სექტორმა უზრუნველყოს ჯანსაღი, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოსა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების ეფექტიანი დაკმაყოფილება, ტყის ფუნქციონალური დატვირთვის გაზრდა და გაძლიერება. 2. პრობლემები სატყეო სექტორში არსებული პრობლემები წარმოადგენს აჭარის სატყეო პოლიტიკის მიზნის მიღწევის დამაბრკოლებელ ფაქტორებს. ეს პრობლემებია: 1. არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა. როგორც საქართველოს ეროვნულ სატყეო კონცეფციაშია აღნიშნული, სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ შეესაბამება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს; ამ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზები და კოლიზიები განაპირობებენ მათ წინააღმდეგობას როგორც ერთმანეთთან, ისე ქვეყანაში მოქმედი სატყეო ურთიერთობების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან; 2. ტყის მერქნული და არამერქნული რესურსით არარაციონალური სარგებლობა. მოსახლეობისათვის, საჭიროებისამებრ, მერქნული რესურსის გამოყოფის პროცედურა არეფექტურია. არ არის გათვალისწინებული საშეშე და სამასალე მერქნის ზუსტი გამოსავლიანობა. რამდენიმე მცენარის სახეობის გარდა, რომლებიც რეგულირების საგანს წარმოადგენს, არამერქნული რესურსის მოპოვება ხდება უსისტემოდ და არამდგრადად, რაც ზიანს აყენებს ტყეებს; 3. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს ტყის რესურსის არაგონივრულ გამოყენებასა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევას. ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგიის წყაროს არარსებობა საშეშე ხე-ტყეზე დიდ მოთხოვნილებას განაპირობებს; 4. მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე მდგრადი ტყითსარგებლობის საკითხებში, რაც მერქნული და არამერქნული რესურსის მოპოვებისას იწვევს ტყის დეგრადაციას; 5. აჭარის ტყეების მართვის ორგანოს - სატყეო სააგენტოს არასაკმარისი შესაძლებლობები. აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარებისათვის აუცილებელია შეიქმნას მართვის ორგანოს მოქნილი სტრუქტურული მოდელი. დღეისათვის, სააგენტოს არ გააჩნია საკმარისი ადამიანური, ფინანსური რესურსი და ტექნიკური საშუალებები, რაც ხელს უშლის მის შემდგომ განვითარებას. სააგენტოს არ გააჩნია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე (მოტივაციის, პერსონალის შეფასებისა და სხვ.) სისტემები. საგანმანათლებლო დაწესებულებები სააგენტოს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი სპეციალისტებით ვერ უზრუნველყოფენ. 3. პრიორიტეტული მიმართულებები სატყეო პოლიტიკის მიზნის მისაღწევად იკვეთება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: 1. ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღის შენარჩუნება. 2. დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება. 3. ტყის მაღალი კონსერვაციული ღირებულებების დაცვა-შენარჩუნება. 4. ტყის მერქნული რესურსებით რაციონალური სარგებლობა. 5. ტყის არამერქნული რესურსებით რაციონალური სარგებლობა. 6. ტყითსარგებლობა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის. 7. ტყითსარგებლობა ნადირობისა და თევზჭერის მიზნით. 8. ტყითსარგებლობა რეკრეაციული მიზნით. 9. ტყის მართვის ძლიერი უწყების შექმნა. 10. საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა. 11. კანონმდებლობა. სატყეო სექტორი მჭიდრო კავშირშია ქვეყნის განვითარების სხვა სექტორებთან, აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების განხორციელება საჭიროებს სხვა სექტორებთან თანამშრომლობას, ისევე როგორც სხვა სექტორების განვითარება მოითხოვს სატყეო სექტორის მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას. 3.1 ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღის შენარჩუნება აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებულ კლიმატის მოდელში აღინიშნება, რომ აჭარაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, წლიური ნალექის შემცირება, დღიური ნალექის მაქსიმალური მაჩვენებლის ზრდა, ხშირი და მკაცრი გვალვები. აღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა სახით იმოქმედებენ ტყეზე; მცენარეულობისა და ტყის ტიპების ვერტიკალური სარტყლები ნელ-ნელა აიწევს ზევით, ტყეების სიცოცხლისუნარიანობა და პროდუქტიულობა შემცირდება; ასევე მოსალოდნელია არსებული და ახალი მავნებლებისგან გამოწვეული პათოლოგიური საფრთხეების ზრდა, გახშირდება ტყის ხანძრები განსაკუთრებით კი მშრალი ზაფხულის პირობებში. მოსალოდნელია, რომ კლიმატი უფრო სწრაფად შეიცვლება, ვიდრე ტყეები მოასწრებენ არსებულ გარემოსთან ადაპტაციას. თუმცაღა, შესაძლოა მთელი რიგი ქმედებების განხორციელება, რითაც შესაძლებელი გახდება კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შერბილება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტრესის მიმართ ტყეების მდგრადობა შესაძლოა გაძლიერდეს ტყის მრავალხნოვანი კორომების შენარჩუნებითა და მავნებელ დაავადებებთან საბრძოლველად უფრო ეფექტური საშუალებების გამოყენებით. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით, დეგრადირებული ტყეების აღდგენა-გაშენებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მოსალოდნელ კლიმატურ სარტყელში გაზრდილი ნერგები. უნდა განხორციელდეს მსოფლიოში გავრცელებული - ტყეების ადაპტური მართვის პრაქტიკა, რაც გულისხმობს განხორციელებული ქმედებების შედეგებზე მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოებისა და მიდგომის შეცვლას. ზემოთქმულის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გაატარებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გააძლიერებს ტყეების მდგრადობას და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, რაც გულისხმობს: ა) ტყის სიჯანსაღესა და პროდუქტიულობაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესწავლას; ბ) ტყის მონიტორინგის განხორციელებას მათი სიჯანსაღისა და პროდუქტიულობის შესახებ მუდმივი ინფორმაციის მისაღებად; გ) ტყის ინვენტარიზაციისა და სატყეო მეურნეობის დაგეგმვისათვის ახალი სახელმძღვანელო დებულებების შემუშავებას ადაპტური მართვის მიდგომის ხელშესაწყობად; დ) ტყის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გაუმჯობესებული მეთოდების შესწავლა დანერგვას. 3.2 დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება წლების განმავლობაში, აჭარის ტყეებით არაორგანიზებულმა და უკანონო სარგებლობამ გამოიწვია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია. შესაბამისად, ამ პირობებში ტყეების სიცოცხლისუნარიანობა და პროდუქტიულობა დასუსტდა. ტყის აღდგენის დროს, არსებულ გარემო პირობებთან და კლიმატთან ადაპტირებული ადგილობრივი სახეობების გამოყენება გააჯანსაღებს ეკოსისტემას და გახდის მას უფრო მდგრადს კლიმატის ცვლილების მიმართ, გაძლიერდება ტყის დაცვითი ფუნქციები. მისი აღდგენა-განახლებისათვის საჭიროა: ა) ტყის აღდგენის სხვადასხვა მეთოდების კვლევა და აღნიშნული კვლევების საფუძველზე, აღდგენის შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ბ) სატყეო სააგენტოსთან სანერგის მოწყობა, სადაც იწარმოებს არა მხოლოდ ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობების, არამედ სხვა, შედარებით იშვიათი და ენდემური სახეობების გამოყვანა, რომლებიც აუცილებელია პირველადი ეკოსისტემის აღდგენისათვის. 3.3 მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა-შენარჩუნება აჭარის ტყეები მდიდარია დიდი და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ეკოლოგიური ღირებულებებით, როგორიცაა იშვიათი, გადაშენების ან საფრთხის პირას მყოფი სახეობები, ხელუხლებელი ტყის ლანდშაფტები, ლანდშაფტის დონის ეკოსისტემები, იშვიათი და გადაშენების პირას არსებული ეკოსისტემები და ჰაბიტატები. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა სატყეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზოგიერთი მაღალი კონსერვაციული ღირებულება იწვევს კონფლიქტს მოსახლეობასთან. მაგალითად: დათვი, მგელი, ფოცხვერი თავს ესხმიან შინაურ ცხოველებს. აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი კონსერვაციული ღირებულებების შენარჩუნებას, მოსახლეობის საარსებო საშუალებების ხელყოფის გარეშე. ქმედებები, რომელთა გატარებაც საჭიროა აჭარაში მაღალი კონსერვაციული ღირებულებების დასაცავად შემდეგია: ა) მაღალი კონსერვაციული ღირებულებების დასაცავად და შესანარჩუნებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ბ) ადგილობრივი ეკოსისტემების მაღალი კონსერვაციული ღირებულებებიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან არსებული ზემოთხსენებული კონფლიქტების შესამცირებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება. 3.4 ტყის მერქნული რესურსით რაციონალური სარგებლობა აჭარაში მთიანი რელიეფისა და დაცვითი ფუნქციების პრიორიტეტულობის გამო, მდგრად პრინციპებზე დაყრდნობით დამზადებული ხე-ტყის მოცულობა შეზღუდულია. ტყის მართვის გეგმის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 80-90 000 კბმ ხე-ტყის დამზადება. მერქნული რესურსის რაციონალური გამოყენების მიზნით, აუცილებელია, ტყის მართვის ორგანოს მიეცეს ხე-ტყის არა მხოლოდ გამოყოფისა და გაცემის, არამედ დამზადების საშუალებაც, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტყის მერქნული რესურსის დანაკარგისა და გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე, უსაფრთხო მოპოვებას. ასევე, აუცილებელია, სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგიის ალტერნატიული წყაროებით (ბუნებრივი გაზი, მზის ენერგია და სხვა). გასათვალისწინებელია, მოპოვებული ხე-ტყის უფრო ეფექტური მოხმარების დანერგვა, რაც გულისხმობს, საწვავად მშრალი ხე-ტყისა და ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებას. ხის მერქნული რესურსის უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით, საჭიროა გატარდეს შემდეგი ქმედებები: ა) ტყის მართვის ორგანოს გაძლიერება; ბ) საშეშე მერქანზე მოთხოვნილების შემცირებისაკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს არამერქნული ენერგიის, მაგალითად: გაზის, მზისა და სხვა ენერგიის წყაროების უფრო მეტ მოხმარებას და ხის მერქნის, როგორც საწვავის უფრო ეფექტური გამოყენების წახალისებას; გ) შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფა. 3.5 ტყის არამერქნული რესურსით ეფექტური სარგებლობა მცენარეთა რამდენიმე სახეობის გარდა, არამერქნული რესურსის მოპოვება ხდება უკონტროლოდ, რამაც შესაძლოა ტყეებს ზიანი მიაყენოს. ზოგიერთი სახეობა, მაგ. ძმერხლი (Ruscus hypophyllum) წარმოადგენს მოწყვლად სახეობას და მისი უსისტემო მოპოვება ზიანს აყენებს ტყის ეკოსისტემას, რაც იწვევს ტერიტორიის დეგრადირებას. სატყეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის მიერ საკუთარი მოხმარებისა და ასევე, სამეწარმეო მიზნით მცენარეული პროდუქტების მოპოვების დარეგულირება და გაკონტროლება, რაც ტყეებს ზიანს ააცილებს და ტყის არამერქნული რესურსების მდგრად სარგებლობას უზრუნველყოფს. ტყის არამერქნული რესურსით უფრო ეფექტური სარგებლობისათვის აუცილებელია შემდეგი ქმედებების გატარება: ა) აჭარის ტყეებში კომერციულად საინტერესო მცენარეული პროდუქტების მარაგის კვლევა; ბ) ტყის მცენარეული პროდუქტის შეგროვებიდან, გადამუშავებიდან და რეალიზაციიდან მიღებული დამატებითი ღირებულების პოტენციალის შესწავლა; გ) შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფა. 3.6 ტყითსარგებლობა სასოფლო სამეურნეო მიზნებისათვის მესაქონლეობა აჭარის მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარსებო წყაროა. საძოვრების არასაკმაო რაოდენობა განაპირობებს ფერმერების მიერ ტყის ტერიტორიის საძოვრად გამოყენებას. შინაური ცხოველებისათვის საძოვარი ადგილების მოუწესრიგებლობა აჭარის სუბ-ალპური ტყეების დეგრადაციის ძირითადი მიზეზია. სამწუხაროდ, ტყეში ძოვება ნებადართულია მკაცრად კონტროლირებადი პირობების ფარგლებშიც, ამიტომ ტყის მართვის გეგმაში უნდა განისაზღვროს ძოვებისათვის ნებადართული ტერიტორიები. საძოვარი ტერიტორიები სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს. საჭიროა სათანადო მარშრუტების შემუშავება, ტერიტორიების გამოყოფა და შესაბამისი წესების შემუშავება. აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტყეებს, ტრადიციულად, იყენებს თივის დასამზადებლად და ფუტკრის სკების განსათავსებლად, ყველაფერი ეს, ტყის მდგრადი მართვის შესაბამისად უნდა სრულდებოდეს. უნდა განისაზღვროს ისიც, რომ ტყის ის ტერიტორიები, რომლებიც გამოიყენება სათიბებად, ველურ ბუნებაში მობინადრე სახეობების კვების არეალსაც წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება, გასათვალისწინებელია სათიბების გამოყოფის პროცესში. ფუტკრები შეადგენენ მოყვავილე მცენარეების დამტვერვის ბუნებრივი ციკლის ძირითად ნაწილს. როგორც საძოვრებისათვის და თივის დასამზადებლად, ასევე მეფუტკრეობისთვისაც ტყის ფართობის გამოყოფა ორგანიზებულად უნდა მოხდეს, ამ ფართობებით სარგებლობა კი მკაცრად გაკონტროლდეს. ტყის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობასთან დაკავშირებით, საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) შემუშავდეს და განხორციელდეს ტყის ფართობის საძოვრად გამოყოფისა და გაკონტროლების სპეციალური სისტემა; ბ) შემუშავდეს და განხორციელდეს ტყის ფართობის მეფუტკრეობისათვის, თივის დასამზადებლად, ასევე, სხვა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოყოფისა და გაკონტროლების სპეციალური სისტემა. 3.7 ტყითსარგებლობა ნადირობისა და თევზჭერის მიზნით ნადირობა და თევზაობა პოპულარული საქმიანობებია, ამიტომ მონადირეები და მეთევზეები მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი თანხა როგორც ნადირობისათვის, ისე თევზაობისათვის. ნადირობისა და თევზაობის ორგანიზების სხვადასხვა გზა არსებობს. ამ საქმიანობების ორგანიზებისთვის შესაძლებელია შეიქმნას სათანადო მეურნეობები. ასევე, შესაძლებელია აჭარის სატყეო სააგენტომ, თავად განახორციელოს ნადირობისა და თევზაობის ორგანიზება ველურ გარემოში და გარკვეულ საზღაურად გასცეს ნებართვა, ამის საფუძველზე კი ნებართვის მფლობელს ნადირობისა და თევზაობის უფლება მიეცემა. სხვადასხვა მიდგომების დადებითი და უარყოფითი მხარე ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი. ნადირობისა და თევზჭერის მიზნით, ტყითსარგებლობის რაციონალურად განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი ქმედებები: ა) შესწავლილ იქნეს ველურ ბუნებაში ნადირობისა და თევზაობის სხვადასხვა მეთოდით მოწყობის შესაძლებლობები იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს გარეული ნადირ-ფრინველის, თევზის პოპულაციებსა და ტყეების სიჯანსაღეს; ბ) სატყეო მიწაზე სათევზე და სამონადირეო მეურნეობების მოწყობისა და განვითარების ხელშეწყობა. 3.8 ტყითსარგებლობა რეკრეაციული მიზნით აჭარაში დღითი დღე იზრდება მოთხოვნილება სხვადასხვა სახის ტურისტულ პროდუქტზე. უფრო და უფრო მეტ ტურისტს სურს მოინახულოს აჭარის განუმეორებელი ბუნება და მშვენიერი ლანდშაფტები, ეზიაროს მთიანი აჭარის კულტურასა და ტრადიციებს. ამის ნათელი მაგალითია, აჭარის დაცული ტერიტორიების ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. ტყეების გამოყენება ნებადართულია რეკრეაციული და საკურორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამის შესაძლებლობა არის აჭარის ტყეებშიც, დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესოს საარსებო საშუალებები. ტყეების ტურისტული და რეკრეაციული განვითარება დადებითად იმოქმედებს აჭარის ეკონომიკაზეც. ტყეების რეკრეაციული მიზნით სარგებლობისათვის საჭირო იქნება: ა) შეფასდეს და დამუშავდეს რეკრეაციული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფცია, აჭარის სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ არსებულ ტყეებში. 3.9 ტყის მართვის ძლიერი უწყების შექმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მართვას აჭარის სატყეო სააგენტო ახორციელებს. სააგენტო ტყის მართვის გეგმის საფუძველზე წარმართავს ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებებს. აჭარის სატყეო სააგენტო ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული სახელმწიფო ტყეების ერთპიროვნული მმართველი იქნება. 2015 წელს აჭარის სატყეო სააგენტომ დაიწყო სტრატეგიული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, რათა წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. „ტყეების ერთი უწყების მიერ მართვის“ პოლიტიკა ხელს არ შეუშლის ტყის ფონდის ტერიტორიების გაცემას რეკრეაციული, სასოფლო სამეურნეო და სხვა მიზნებით სარგებლობისათვის. ტყის მართვის ორგანოს შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისათვის აუცილებელია მისი სტრუქტურის დახვეწა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, პროფესიონალური კადრების მოზიდვა და არსებული კადრების საჭიროებისამებრ გადამზადება. აუცილებლად უნდა შეიქმნას სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება. სამწუხაროდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ტყის მართვის ორგანოს, საკმარისი ოდენობის კვალიფიციური კადრებით ვერ უზრუნველყოფენ. სააგენტომ უნდა გამონახოს აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მოსაზიდი საშუალებები. სასურველი იქნება, სააგენტომ თავისით ან სხვა საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად განახორციელოს სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამები და სტაჟირება. აუცილებელია, ტყის მართვის ორგანომ უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სათანადო სერვისების მიწოდება. შესაბამისი სერვისების დანერგვითა და განვითარებით მიღებული შემოსავლებით, სატყეო თავად შეძლებს ტყის დაცვისა და მოვლა-აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსებას. იმისათვის, რომ შეიქმნას ძლიერი სატყეო ინსტიტუციები, საჭიროა: ა) დაიხვეწოს ტყის მართვის ორგანოს სტრუქტურა; ბ) მოხდეს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა; გ) განხორციელდეს პროფესიონალი კადრების მოზიდვა და არსებულის საჭიროებისამებრ გადამზადება; დ) მოხდეს მართვის ორგანოს მიერ სათანადო სერვისების დანერგვა-განვითარება და მოსახლეობისათვის მიწოდება; ე) გაძლიერდეს თანამშრომლობა ტყის მართვის ორგანოსა და აკადემიურ და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს შორის. 3.10 საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კარგად აცნობიერებს ტყეების დაცვის ფუნქციებს, ისინი თავიანთი რთული სოციალური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაკლებად ფიქრობენ მის მომავალ მდგომარეობაზე. ამისათვის, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა შემცირდეს მოსახლეობის ნეგატიური ზემოქმედების შედეგები რეგიონის ტყეებზე და ამაღლდეს მათი ცნობიერების დონე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის საკითხებში. საჭიროა ასევე, მოსახლეობა ჩაერთოს ადგილობრივი ტყეების მართვის საკითხების განხილვის პროცესში. მათი გონივრული მონაწილეობა ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის საკითხებში, მისი მდგრადი მართვის მთელი ციკლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. გონივრული მონაწილეობა გულისხმობს ინფორმაციასთან წვდომას, ტყის მართვის საკითხებზე გამართულ განხილვებში მონაწილეობას, ასევე მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მართვის სათანადო ორგანოები რეგულარულად ახორციელებენ კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში გონივრული ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა: ა) გაძლიერდეს სააგენტოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, შეიქმნას ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებები, არხები, რომლის მთავარი მიზანი იქნება ტყითსარგებლობის წესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადეკვატური სამოქალაქო კულტურის დამკვიდრება; ბ) საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ტყის მართვის დაგეგმვის საკითხებში. მაგ. დაგეგმილი ქმედებების განხილვა მოსახლეობასთან, მათი შეხედულებების გათვალისწინება ტყის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში. 3.11 კანონმდებლობა დეცენტრალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სახელმწიფო ტყეები უნდა გადავიდეს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამის მისაღწევად, მიღებული უნდა იქნეს აჭარის სატყეო პოლიტიკა, ტყის მართვის კანონმდებლობა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. მიღებული კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. განსახორციელებელ პრიორიტეტულ ქმედებებს მიეკუთვნება: ა) შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მიღება, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის მიზნებსა და პრინციპებთან; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყის, რომელსაც დღეისთვის სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო მართავს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა.